„შოვი იყო საფრთხის შემცველი ადგილი, გეოლოგები სულ ვამბობდით ამას. რატომ ასახლებ იქ ხალხს? თუ აქ ვინმეა დამნაშავე, პირველ რიგში ცენტრალური ხელისუფლებაა, შემდეგ ადგილობრივი, მერე ის, ვინც იმ ადგილას ბიზნესი გააკეთა. სად არის გარემოს დაცვის მინისტრი, რომელმაც უნდა დაიცვას გარემო, თავის მცხოვრებლებთან ერთად. ამათ დაცვა არ უნდათ, ექსპლუატაცია უნდათ, რაც უფრო მეტს ამოიღებენ, ესაა მათი პოლიტიკა. მოსახლეობის მოტყუების მცდელობაა იმის თქმა, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია“, – აცხადებს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში გეოლოგი, მეცნიერი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი შოთა ადამია.
„მთელი რაჭა და სვანეთი გეოლოგიური რუკებითაა დაფარული. ყველგან არის ნაჩვენები სად არის დაგროვილი ისეთი ნამსხვრევი მასალა, რომელიც თუ წყლით გაიჟღინთა, როგორც კი რაღაც კრიტიკულ მასას მიაღწევს, დაიძვრება და ქვემოთ ჩამოვა იმიტომ, რომ ფერდობია. იქ სადაც ჩამოვა, არ უნდა დასახლდე. ხომ ვიცით, სად ჩამოდის ბუბას წყალი, ხომ ვიცით სად იწყება. თბილისას მყინვარი ჰქვია იმას, საიდანაც ეს ყველაფერი წამოვიდა. გლოლამდე არ მისულა. გლოლელებმა იციან, რომ ხეობაში არ უნდა დასახლდნენ. იგივე შოვში, ფერდობზე, ცოტა მაღლა რაც იყო, იმას არაფერი დაუშავდა, არ დაუნგრევია ამ ჩამოქცეულ მასალას. ბუბას წყალი სამი კილომეტრის სიგრძეზეა, საშუალოდ 100 მეტრი აქვს სიგანე და 10 მეტრი მასალა უკვე დაფენილი, დამსხვრეული ლოდების ქვიშა. ეს ყველაფერი გაიჟღინთა. წყალი საიდან მოვიდაო, ვიღაც კითხულობს, მყინვარი დნება იქ, წვიმებიც არის. უკვე რამდენი ხანია დნება, არამარტო ჩვენთან, სხვაგანაც. თქვენ რომ ნახოთ ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც 50-იან წლებში გამოვიდა და დღევანდელ ვითარებას შეადაროთ, ნახავთ, რამდენადაა უკან დახეული მარადიული თოვლის და მყინვარების კონტურები. რა არის უცნაური, რომ ამდენი მასალა, ნამსხვრევი დაგროვდა, წყლით გაიჟღინთა და მობილური გახდა? ვერ იტყვი, ეს დღეს მოხდება თუ ხვალ, მითუმეტეს, როცა სამსახურები არ მუშაობენ, არავითარი მონიტორინგი არ არსებობს.
როცა აქტიურად ვმუშაობდით, უწყვეტი მონიტორინგი ხდებოდა, ეტაპობრივად რუკებსაც ვანახლებდით. ვაკვირდებოდით, რა შეიცვალა და არაჩვეულებრივი მასალები გვქონდა. ვიცოდით, რომ შოვში, ჭალაში არ უნდა ჩადგა კოტეჯები, არ უნდა შეიყვანო სტუმრები, ფრთხილად უნდა იყოს ფეხით მოსიარულეც, რადგან არავინ იცის, კრიტიკულ ზღვარს როდის მიაღწევს და მეწყერი როდის ამოძრავდება. ზემოთ დაგროვილია და თავზე ბომბივით გვადევს.
სახელმწიფოს პირველი მოვალეობა ადამიანის უსაფრთხოებაა, რომ არ დაიღუპოს, არ დაშავდეს, მისი ქონება არ განადგურდეს – არაფერს ჩვენი სახელმწიფო არ იღებს საკუთარ თავზე.










