„ღვარცოფს, მიწისძვრას, მეწყერს ვერ ავირიდებთ თავიდან, ის მაინც წამოვა, მაგრამ წინ არ უნდა დახვდე, მონიტორინგის სისტემები უნდა გვქონდეს. როცა იცი, რომ გამოტანის ღვარცოფული კონუსია, როცა იცი, ადრეც ასეთი რაღაც მომხდარა, რას აშენებ იქ, რატომ გყავს ხალხი იქ? 2017, 2018, 2019 წლებში მიყოლებით გვქონდა გლაციალური ღვარცოფები სვანეთში. ეს მასშტაბები არ ჰქონია, ხალხი არ მოუკლავს, გადავრჩით მაშინ. დღეს ბუბაა და ხვალ შეიძლება ჭალაათი იყოს ისევ, ან ხარიხრა გაისად. მთლიანად კავკასიონია პრობლემური. კავკასიონზე უნდა იყოს მონიტორინგი“, – აცხადებს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თეა გოდოლაძე.
– თეა, რამ გამოიწვია კურორტ შოვში ეს პროცესები, რასთან გვაქვს საქმე? რა საფრთხე შეიძლება იყოს კიდევ და რისი გაკეთება შეიძლებოდა/შეიძლება პრევენციისთვის?
– სამეცნიერო წრე ვთანხმდებით, რომ ეს იყო გლაციალური ღვარცოფი. გლობალური დათბობის პირობებში ეს პროცესი დაიწყო მყინვარის დნობიდან და შემდეგ უკვე წამოვიდა ეს მეწყრული მასა, წყალმა ქვემოთ, მდინარის ხეობაში წამოიღო ეს მორენული მასები, ყველაფერი – ნიადაგი, ქანები, ხეები და ა.შ. წყალთან ერთად ჩამოყალიბდა ღვარცოფად.
ქვეყანას უნდა ჰქონდეს მონიტორინგის სისტემები. გლაციალურ ღვარცოფზე ვლაპარაკობთ – 2017 წელს მესტიაში მოხდა ჭალაათის მყინვარის შემთხვევა, 2018 წლის ოკრილას შემთხვევა ისევ სვანეთში, 2019 ისევ ჭალაათი.
მყინვარების მონიტორინგი არის მსოფლიო პრაქტიკა. ერთ-ერთი კომპონენტი, მათ შორის, არის სეისმური, სატელიტიდან დაწყებული, ლიდალური გადაღებით და გეოფიზიკური, დაკვირვების ხელსაწყოების მონტაჟით დამთავრებული. ეს არის მონიტორინგის კომპლექსი. მსგავს შემთხვევაში გვატყობინებს, რომ მყინვარზე საქმე კარგად არ არის.
ნებისმიერი მყინვარული მდინარე შეიძლება იყოს საფრთხის მატარებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, კლიმატური ცვლილებების პერიოდში ვართ. ამიტომ, კავკასიონზე სრული მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს.
არსებობს მსოფლიო სისტემები, საერთაშორისო საზოგადოებები, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონსორციუმები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. კერძო კომპანიები არიან, რომლებსაც ამისთვის ქირაობენ. დევდორაკზე (ყაზბეგში) ხომ დავაყენეთ მონიტორინგის სისტემა, ნახევარი მილიონი გადავიხადეთ, მუშაობს?
– მუშაობს?
– არ ვიცი. ახლა ვინმე იყენებს ამ მონაცემებს ან ამუშავებს? ძალიან საინტერესოა რა მონაცემები გვაქვს. თბილისის შემთხვევაში, ვერეზე ხომ დაყენდა წინასწარი შეტყობინების სისტემა. ანუ რეალურად გვაქვს ხომ პრაქტიკა, რომ დავაყენეთ ეს და გადავიხადეთ ფული. მაგრამ მას სჭირდება მუდმივი შენახვა, მოვლა და პატრონობა. ყველა მონაცემი უნდა იყოს ონლაინ. სეისმური ქსელი რომ ავიღოთ, მთელი ეს სისტემა, სხვადასხვა სადგური, მონაცემთა ცენტრშია და მე ვუყურებ, რა ხდება. წამში, რომ გაქვთ ინფორმაცია მიწისძვრის შესახებ, იმიტომ გაქვთ, რომ სისტემაა აწყობილი და ახლა კიდევ განახლებას ვაკეთებთ აშშ-ის მხარდაჭერით.
– უნდა ყოფილიყო თუ არა ადრეული შეტყობინების სისტემა მდინარე ჭანჭახის აუზში, იგივე ბუბას ხეობაში.
– უნდა მომხდარიყო მისი დაყენება მეწყრული და ღვარცოფული მოვლენებისათვის, რადგანაც საქართველო მიდრეკილია ამის მიმართ. თანხა გამოიყო დონორების მხრიდან და ამ თანხის ფარგლებში უნდა დაწყებულიყო იდენტიფიცირება, სამეცნიერო კვლევა, მერე კი მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება და მისი გამართვა. ეს პროექტი მიმდინარეობს მე როგორც ვიცი, მეხუთე წელია და ჯერ სად ვართ, არ ვიცი.
– რომ გვქონოდა ადრეული შეტყობინების სისტემა ბუბას ხეობაში, მდინარე ბუბაზე, მყინვარზე დაკვირვება, რა შეიცვლებოდა, რას ავირიდებდით თავიდან?
ავირიდებდით თავიდან იმას, რაც მოხდა – ადამიანების სიკვდილს, დიდი ალბათობით. ჩვენ გვქონდა იმის შანსი, რომ ეს თავიდან აგვერიდებინა.










