კურორტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი.
კურორტის შექმნის ისტორიას ,,პოზიტიური სივრცე საქართველო” ავრცელებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,კურორტი შოვი, ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისში 1876 წელს დაბადებული ექიმის შამშე ლეჟავას წყალობით შეიქმნა. შამშე ლეჟავამ სამედიცინო განათლება 1905-1910 წლებში ვენის უნივერსიტეტში მიიღო. ევროპაში ყოფნისას მან შეისწავლა კურორტები: ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი, ვალენზეე, აუსზეე და სხვები.
1913 წლიდან ლეჟავა იწყებს მუშაობას რაჭაში კურორტის დაარსების საკითხზე. 1925 წელს საძირკველი ჩაეყარა პირველი სანატორიუმის მშენებლობას. რამდენიმე წელში აშენდა ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი, პოლიკლინიკა, მეორე სანატორიუმი. კურორტი 1929 წელს გაიხსნა და თავიდან შამშე ლეჟავას პატივსაცემად ,,შამშოვი” დაერქვა.
შამშე ლეჟავა 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. რეპრესირების შემდეგ კურორტს ,,შამ” მოაშორეს და შოვი დარჩა.
1956 წლის განჩინებით შამშე ლეჟავა რეაბილიტირებულია.” – წერია ინფორმაციაში.
კურორტ შოვში 3 აგვისტოს ღვარცოფული პროცესები განვითარდა. საკურორტო ზონაში სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 7 ცხედრია იდენტიფიცირებული. ამ დრომდე ვერ ხერხდება 20-მდე ადამიანთან დაკავშირება.










