საკრუზო ლაინერ Astoria Grande-ზე 29 ივლისი-5 აგვისტოს პერიოდში სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული-სოჭის მარშრუტით ერთკვირიანი სპეციალური ტური, ე.წ. ვარსკვლავური კრუიზი დაანონსდა. ამჯერად გემი ბათუმში RU.TV-ის ჟურნალისტებთან და რუს მომღერლებთან ერთად შემოვა. ინფორმაცია ლაინერის ოფიციალურ ვებგვერდ astoriagrande.com-ზე ვრცელდება.
„ბორტზე რუსული პოპ-ვარსკვლავები და ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები იქნებიან… Grande-თეატრის სცენაზე წარდგებიან დიმიტრი კოლდუნი, Te100steron, მიტია ფომინი და RU.TV-ის სხვა ვარსკვლავები, ასევე, ქარიზმატული წამყვანები, ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი. ზღვა, მზე და საყვარელ მუსიკაზე ცეკვა იდეალური კომპონენტებია დაუვიწყარი დასვენებისთვის,“ – ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.
კომპანია დასძენს, რომ „Astoria Grande ერთადერთი საკლუბო ლაინერია რუსეთში და მისი ფორმატი მსგავსი თემატური კრუიზებისთვის ყველაზე შესაფერისია.“
Astoria Grande ბათუმში პირველად 27 ივლისს, დილით შემოვიდა. გემი სოჭიდან 22 ივლისს გამოვიდა. მასზე 850 მგზავრი, ძირითადად, რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. ლაინერმა ბათუმში მთელი დღის განმავლობაში დაჰყო და პორტი საღამოს საათებში, მოსახლეობის საპროტესტო აქციის ფონზე დატოვა.
ცნობისთვის: ლაინერი, Astoria Grande, საკრუიზო ტურიზმის სფეროში თურქეთის ლიდერ ოპერატორ Miray Cruises-ს ეკუთვნის, რომლის მშობელი კომპანიაც Miray International-ია. თუმცა Astoria Grande-ს გაყიდვების მიმართულების გენერალური აგენტი რუსული შპს „აკვილონია,” რომელიც 2020 წელს დაფუძნდა და ტურისტულ საზღვაო გადაზიდვებს ეწევა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 7 თებერვალს, უკრაინის ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ საქმიანობის ძირითადი ტიპი შეიცვალა. კერძოდ, „საავტომობილო სატვირთო ტრანსპორტის საქმიანობა და გადაზიდვების მომსახურება“ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში „ტუროპერატორების საქმიანობით“ ჩაანაცვლა.
bpn.ge










