ადგილობრივები, რომლებიც ისედაც ხელმომჭირნედ ცხოვრობენ, დარჩნენ მატარებლის და საავტომობილო გზის გარეშე – ხარაგაულის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღდგეს ხაშური-ზესტაფონის მატარებლის შუადღის რეისები და თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის მოძრაობა.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შექმნილია პეტიცია, რომელშიც ვკითხულობთ:
“ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გამყოფი რაიონია, რთული გეოგრაფიული პირობებით გამოირჩევა. რაიონზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო გზა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო სარკინიგზო ქსელის ნაწილია. ხარაგაულის რაიონი 2 საუკუნეა მნიშვნელოვნად ემსახურება საქართველოს, როგორც ეკონომიკური, ისე საყოფაცხოვრებო მიზნების უზრუნველსაყოფად და ატარებს მნიშვნელოვან ტრანსპორტს. დღეს კი, ჩვენი ბუნების ფაქტობრივი განადგურების ხარჯზე, საქართველოს რკინიგზა აწარმოებს ფართო გზის მშენებლობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ეს ცვლის რაიონის ბუნებრივ იერსახეს. ბუნებრივია, მით უმეტეს, ამ პირობების გათვალისწინებით, ადგილობრივებს აქვთ პრეტენზია, კომფორტულად სარგებლობდნენ რკინიგზით და არ ექმნებოდეთ კომუნიკაციის პრობლემა. ვაჟღერებ ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილის წუხილს და მოვითხოვ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით მოხდეს რკინიგზასთან მოლაპარაკება თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის აღდგენასთან დაკავშირებით და ასევე ხაშური-ზეატაფონის ელექტრომატარებლის შუადღის რეისების დამატების თაობაზე.” – წერია პეტიციაში.
როგორც “მეგა ტვ”-ს კვინიკაძე წერს საქართველოს რკინიგზამ 2020 წლის მარტის შემდეგ შეზღუდა თბილისი-ქუთაისის მატარებლის მოძრაობა, კოვიდპანდემიის მიზეზით.
“დღესაც ამ მიზეზს ასახელებენ ისინი მატარებლის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ასევე გააუქმეს ხაშური-ზესტაფონის შუადღის რეისები და ადგილობრივები, რომლებიც ისედაც ხელმომჭირნედ ცხოვრობენ, დარჩნენ მატარებლის და საავტომობილო გზის გარეშე. მაგალითად, გლეხს თუ სურს ჩხერიმელას ხეობის რომელიმე სოფლიდან (მაგალითად, ვახანიდან) წავიდეს ხაშურში, უნდა ჩავიდეს მოლითის სადგურში ან მარელისში ფეხით ან ტაქსით (დაახლ. 15-20 ლარი) და შემდეგ მატარებელს გაჰყვეს (9 ან 14 ლარი) და უკუმიმართულებით იგივე. ან დილის 8 საათზე უნდა გავიდეს სახლიდან და საღამოს 5 საათამდე უნდა დაყოვნდეს ხაშურში, ანალოგიური მუნიციპალური ცენტრის (ხარაგაულის) და ზესტაფონის მიმართულებით. რაც შეეხება თბილისიდან მგზავრობას, დადის მხოლოდ ჩქაროსნული მატარებლები, რომლებიც არ აჩერებენ შემდეგ სადგურებზე:
ხაშურის მუნიციპალიტეტი:
1. ბეკამის რკ/სადგური
2. ტეზერის რკ/სადგური
3. სავანისუბნის რკ/სადგური
4. ლიხის რკ/სადგური
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი:
1. გვირაბის რკ/სადგური
2. ბეჟათუბნის რკ/სადგური
3. ჩრდილის რკ/სადგური
4. ბაბის რკ/სადგური
5. ვახანისწყლის რკ/სადგური
6. დიდვაკის რკ/სადგური
7. საღანძილის რკ/სადგური
8. ხანდების რკ/სადგური
9. ლაშეს რკ/სადგური
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი:
1. ძირულას რკ/სადგური
2. შორაპნის რკ/სადგური
რაც შეეხება საავტომობილო გზას, ის კატასტროფულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას აღარ შეუძლია მეტის მოთმენა. შეიქმნა პეტიცია ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით.” – ამბობს სანდრო კვინიკაძე