თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, მუშაობა ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზეც დაიწყო.- ინფორმაციას შესაბამისი სამსახური ავრცელებს:
,,როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების
გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში თბილისისა და ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia
თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო
კომპანია – ADP Ingénierie (ADPI)-თან, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის
და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ
წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს.
ADPI-ის წარმომადგენლები ბათუმში იმყოფებიან და ადგილზე ეცნობიან
აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ასევე, შეხვედრებს მართავენ ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022
წლის ბოლოს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების
გეგმაზე – 2023 წლის იანვარში დასრულდება და ორივე დოკუმენტი
სახელმწიფოს გადაეცემა.”