საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ყველასათვის საყვარელი “ხუტა უფროსი” ქუთაისში 1940 წელს დაიბადა. კინოში შემთხვევით მოხვდა. როცა რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში მიიწვია სათამაშოდ, თუმცა არა „ხუტა უფროსი“, არამედ „ღინტუ“ უნდა ეთამაშა. “რეკორდში” კი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
1996 წლიდან ის ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო, თუმცა წლების წინ დაემშვიდობა თეატრს, როგორც მსახიობი და მიუხედავად ამისა, ხშირად დადიოდა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ესწრებოდა სპექტაკლებს და თვალს ადევნებდა ახალგაზრდა კოლეგებს. ბოლო პროფესიული შეხება თეატრთან 2015 წელს ჰქონდა, როდესაც მესხიშვილის თეატრში მისი 75 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. მას შემდეგ გოვენ ჭეიშვილი მალევე გამოემშვიდა თეატრს, შემდეგ კი მშობლიურ ქალაქთან დამშვიდობებაც მოუხდა – ბოლო წლები ქუთაისიდან ბორჯომში შვილთან საცხოვრებლად გადავიდა, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
გოვენ ჭეიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე:
“ქართულმა ხელოვნებამ კიდევ ერთი განუმეორებელი მსახიობი დაკარგა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კინოსა და თეატრის მსახიობი გოვენ ჭეიშვილი (“ხუტა უფროსი”) იყო არა მარტო ნიჭიერი მსახიობი, არამედ ღირსეული ადამიანი, რომლის წასვლა დანაკლისი იქნება განურჩევლად ყველასთვის, ვინც პირადად იცნობდა და ვისაც მის მიერ შესრულებული როლები მოსწონდა და უყვარდა, ის დააკლდება ჩვენს იმერეთს, ქუთაისს, როგორც ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. ალბათ, დიდი მადლია საჭირო და ცხოვრების გზის მინიმალური შეცდომებით გავლა, რომ ყველას გულში და მოგონებებში ისეთად დარჩე, როგორც გოვენ ჭეიშვილი დარჩება.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, თეატრალურ სამყაროს ღირსეული ადამიანის, შემოქმედის და მსახიობის გარდაცვალებას.” – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
გოვენ ჭეიშვილს ხვალ 9 ივლისს 15 საათზე, საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე წმინდა სამების სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებნ.