მთავრობის მეთაურმა წამლების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი, გამჭვირვალე.
„4 წელი მე არ ვმონაწილეობდი საჯარო პოლიტიკაში, საერთოდ არ ვიყავი ჩართული.
რა თქმა უნდა, მე დავინტერესდი ფასებით, პრობლემა არის, ვიცი რა, სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა ჩვენი მოსახლეობის, პენსიონერების, მათ ჯიბეზე აისახება ეს ყველაფერი.
მე არ მინდა პოპულისტურად გამომივიდეს ახლა, ამ წინასაარჩევნოდ. დიახ, ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა, მათ შორის შუალედური ანგარიშიც გვაქვს, არ მინდა ვიღაცამ კიდევ დაგვაბრალოს, რომ წინასაარჩევნოდ პოპულისტური მოსყიდვების და გულის მოგების მიზნით ამას აკეთებენ.
ამიტომ, არჩევნების შემდეგ, ჩვენ გვექნება, მათ შორის, სექტორის წარმომადგენლებთანაც, იმ ადამიანებთან და ბიზნესთან, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული, აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა, ძალიან ნორმალურ, ცივილიზებულ ფორმებში და მჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევთ კომპრომისულ ვარიანტს.
უნდა მოხდეს სწორად, ისე, როგორც არის ევროპაში. ჩვენ ახალს არაფერს არ გამოვიგონებთ.
როგორც არის ევროპაში რეგულაციები და ჯანსაღი და გამჭვირვალეა ეს პროცესი, გამიჯნულია ის მიმართულებები და არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტები, აი ასე უნდა მოეწყოს ყველაფერი საქართველოშიც.
არ შეიძლება, რომ მწარმოებელიც იყოს, გამყიდველიც, დისტრიბუტორიც და ყველაფერი თვითონ იყოს ადამიანი და ამ დროს უკონტროლოდ იყოს ფასების ზრდა წამლებზე, მითუმეტეს, ისედაც ჯერ კიდევ გაჭირვებულ ქვეყანაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.










