სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული პირველადი მოკვლევის შედეგად, ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარე ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება, მშენებელი კომპანია კი 30 000 ლარით დაჯარიმდა.
“ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარედ გუშინ ფერდი ჩამოიშალა.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში – სასტუმროებშია გაყვანილი.
დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არცერთი მშენებელი კომპანიის მიერ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს.
აღნიშნული საკითხი შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებში გადაიგზავნება.
ასევე, მიმდინარეობს დეტალური ექსპერტიზა პრობლემის დასადგენად. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია პროექტირების ეტაპი, რომლის მიზანიც, ფერდის და საჭიროების შემთხვევაში, მის მიმდებარედ არსებული კორპუსის გამაგრებაა”, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.