ოჯახი, ქუთაისში “ხონელიძის კლინიკის” პერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს, რასაც ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ,,მეგა ტვ”-ს ანა ჯიშიაშვილი უყვება, მისი რძლის საკეისრო კვეთაზე შეყვანის შემდეგ, ოჯახს აცნობეს რომ ბავშვი 2 დღის გარდაცვლილი იყო, თუმცა როგორც ანა ამბობს 2 დღით ადრე ექოსკოპიაზე ბავშვი მოძრაობდა. მისივე თქმით საკეისროს დღეს ბავშვის გულისცემაც კი მოისმინა კლინიკის პერსონალმა, რაზეც მოგვიანებით ოჯახს განუცხადეს რომ, შეეშალათ და ეს არა ბავშვის, არამედ დედის გულისცემა იყო.
“ხონელიძის კლინიკის” პიარ სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ მჟავიამ “მეგა ტვ”-თან საუბრისას განაცხადა რომ, ნაყოფი 6-12 საათის გარდაცვლილი იყო და საქმეზე დაწყებული გამოძიება.
“ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ნაყოფი წაღებულია სამედიცინო ექსპერტიზაზე, თუმცა გარეგანი დათვალიერებით, რაც აღენიშნებოდა ნაყოფს, ის მიუთითებდა იმას რომ იყო 6-12სთ-ის გარდაცვლილი უკვე. დანარჩენს სასამართლო მედიცინის დასკვნით გახდება ცნობილი.” – განუცხადა “მეგა ტვ”-ს ხონელიძის კლინიკის პიარ სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ მჟავიამ.
“მეგა ტვ” დაინტერესდა როდის ჩაუტარდა ნაყოფს ბოლო მონიტორინგი გულისცემაზე (CTG ან ულტრაბგერითი კვლევა),იყო თუ არა გამოყენებული მხოლოდ დოპლერის აპარატი და როგორ მოხდა დედის პულსის შედარება ნაყოფის გულისცემასთან? – თუმცა პრესსამსახურმა გვიპასუხა რომ:
“დანარჩენს გამოძიება დაადგენს.”
შემთხვევა 12 ივნისს მოხდა. ოჯახი ექსპერტიზის პასუხს და გამოძიების შედეგებს ელოდება.