იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ცნობილი სამართლებრივი საგა დასრულდა – მამაკაცი, რომელსაც 1968 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. დიახ, 88 წლის მამაკაცი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იყო სიკვდილმისჯილი, იაპონურმა სასამართლომ გაამართლა.
ივაო ჰაკამადა 1968 წელს დამნაშავედ ცნეს თავისი უფროსის, მისი ცოლისა და მათი ორი მოზარდი შვილის მკვლელობაში.
მას ახლახან დაუნიშნეს ხელახალი სასამართლო პროცესი, რადგან გაჩნდა ეჭვი, თითქოს გამომძიებლებმა ჩაუდეს მტკიცებულება, რამაც ოთხმაგი მკვლელობისთვის მისი ვერდიქტი გამოიწვია.
საქმემ ფართო საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია – შიზუოკაში, სასამართლო დარბაზში ადგილების დასაკავებლად დაახლოებით 500 ადამიანი ჩადგა რიგში.
ვერდიქტის გამოცხადებისას, ჰაკამადას მხარდამჭერებმა სასამართლოს გარეთ შესძახეს “ბანზაი” – იაპონური შეძახილი, რომელიც ნიშნავს “ვაშას”.
ჰაკამადა ციხიდან 2014 წელს გათავისუფლდა და იაპონურმა სასამართლომ ხელახალი სასამართლო პროცესი ჩანიშნა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ წარადგინა კვლევა, რომ სავარაუდო მკვლელის ტანსაცმელზე არსებული ლაქებიდან აღებული სისხლის ლაქების დნმ, პატიმრისას არ ემთხვეოდა. მსოფლიოში ეს მორიგი შემთხვევაა, როდესაც დნმ-ს ტესტის ჩატარების შესაძლებლობამ ამა თუ იმ დანაშაულში წლების წინანდელი მსჯავრდადებული მსჯავრიდან გაათავისუფლა.
გაუარესებული ფსიქიკური მდგომარეობის გამო, ის ამჟამად თავისი დის მეურვეობის ქვეშ ცხოვრობს.
გახანგრძლივებულმა სამართლებრივმა პროცედურებმა ხელახალი სასამართლო პროცესის დაწყება დროში გაწელა და ის მხოლოდ გასულ წელს დაიწყო – ხუთშაბათ დილას კი სასამართლოს უნდა გამოეცხადებინა, გაამართლებდა ჰაკამადას ბრალდებებისგან, თუ მას ჩამოახრჩობდნენ.
ჰაკამადა მხოლოდ მეხუთე სიკვდილმისჯილი პატიმარია, რომლის საქმეზეც ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში ხელახალი სასამართლო პროცესი ჩატარდა.