“არც არავის არ სჭირდება მელიასთან შერიგება” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ამილახვარი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას შერიგებასთან დაკავშირებით.
“არც არავის არ სჭირდება მელიასთან შერიგება, ამას გეტყვით. როდესაც ეს ხალხი გაათვითცნობიერებს რა კრიმინალი აქვთ ჩადენილი მათ და მიხვდებიან, რომ საერთოდ პოლიტიკა უნდა დატოვონ, მაშინ მოხდება პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ.
ერთი კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ცერემონია იყო, სადაც 50-ჯერ მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე ნებისმიერ მათ დაანონსებულ აქციაზე, რომელიც ეძღვნება მიშას გათავისუფლებას. ამ იდეამ ვერ შეიძინა საზოგადოებრივი მხარდაჭერა”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა “პალიტრანიუსის” ეთერში.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე საუბარი აზრს მოკლებულია.










