კონსტანტინე გამსახურდიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
,,3 ოქტომბერი გერმანიის ერთიანობის დღეა, რომელიც აღინიშნება აქ – ამ დღეს, 31 წლის წინ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა მშვიდობიანად შეუერთდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.
ორი გერმანიის ეს შეერთება ჩვენთვისაც რელევანტურია დღეს, (რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორის გათვალისწინებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებიც საქართველოს უნდა შემოუერთდეს ადრე თუ გვიან, მას შემდეგ, რაც იქ დაწყებული ანექსიის პროცესს შევაჩერებთ) მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, თუკი ყურადღებას მივაპყრობთ იმ შინაგან ერთობას, როგორითაც ამ გერმანიის ძირითადი პარტიები ახერხებენ ერთმანეთთან საუბარს და მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდებით კოალიციების შექმნას.
რა თქმა უნდა გერმანიაშიც არიან არასისტემური პოლიტიკური ერთეულები, რომლებთან კოალიციაზეც წასვლა იმ პარტიებისგან არ გამოვა, რომლებიც ძირითად როლს თამაშობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
რატომ? იმიტომ, რომ ისინი შესაძლოა არ არღვევდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოს, მაგრამ ეწინააღმდეგებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობის ძირითად პოსტულატებს და საყრდენებს, დემოკრატიზმს, თანასწორობას, თავისუფლებას, ევროპულობას. კოალიცია აქ გულისხმობს ისეთი პლატფორმის გამონახვას, რომელზეც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა მიუხედავად მრავალი განსხვავებისა და წინააღმდეგობისა.
რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამას, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია? რა გაკვეთილი შეიძლება აქედან მივიღოთ?
გერმანული პოლიტიკური კულტურა და მისი საზოგადოება, რომელმაც გამოიარა ორი მსოფლიო ომის კოშმარი, ასევე ნაციონალ-სოციალისტური და კომუნისტური რეჟიმების საშინელება, მივიდა იქამდე, რომ დანამდვილებით იცის: კონტრაჰენტი უნდა აღიქვას მოწინააღმდეგედ, მეტოქედ და ოპონენტად, და არამც და არამც მტრად – ისეთ მტრად, რომელსაც სამუდამოდ უნდა გაუსწორდე, ვინც ნებისმიერ ფასად სამუდამოდ უნდა დაადუმო.
ეს კი ზუსტად ისაა, რაც ჩვენს პოლიტიკურ რეალობას ესაჭიროება საქართველოში. პარტიებს შორის მტრედების ტკბილი ღუღუნი, მობალახე ლომები, ვეგეტარიანელი მგლები და პალმების იდილიური ფატა-მორგანა რომ არ იქნება, ისედაც ვიცით.
აქამდე მიღწევად ითვლებოდა ისიც, რომ პოლიტიკური ჯგუფები კიტოვანის და სიგუას პუტჩისტების მსგავსად ქვემეხებს არ განალაგებენ ქუჩებში, რომ ცეცხლი გახსნან. მაგრამ ეს საკმარისი არ არის ნორმალური, დაბალანსებული პოლიტიკურ სისტემის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ეფუძნება შინაგანი ძარღვით ეროვნულია და იმავდროულად ქრისტიანობის, ჰუმანიზმის და დემოკრატიზმის ფასეულობებს. ეფუძნება ჭეშმარიტ ევროპულობას.
ამიტომაც საჭიროა პარტიებმა მოახდინონ თვითკორექტორება. შეასწორონ და გადასინჯონ ძირითადი მესიჯ-ბოქსები, აგებული აგრესიაზე, ბოღმაზე, რევანშიზმზე, მოწინააღმდეგეში მხოლოდ ბოროტი საწყისის შემჩნევაზე. მერწმუნეთ, ასეთ დამოკიდებულება სიკეთისკენ და მშვიდობისკენ არ წაგვიყვანს.
ამიტომაც ვისურვებდი, ოდესმე გვეზეიმოს საქართველოს ერთიანობის დღე – რაც ნიშნავს ერთიანობას არამარტო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ, არამედ იმ შიდაპოლიტიკურ ასპექტებშიც, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით. იცოდეთ, რომ ეს ორი რამ იმავდროულად ერთმანეთთან დაკავშირებულია.
დემოკრატია, მართალია მუდმივი ბრძოლის პროცესია, მაგრამ ის საერთოობის მოძიების მუდმივი პროცესიც.
მხოლოდ ასეთ საერთო ღირებულებებზე შეთანხმებულ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული მომავლის გააზრება, რომელიც საკუთარ თავთან და საკუთარ პოლიტიკურ იდენტობასთან დაბრუნებას (Return back to Europe) გულისხმობს საქართველოსთვის. საქართველოს რეფორმირებული კონსტიტუციის ბოლო (78-ე) მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, “მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.” ამ იდეის რეალიზება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პროცესს შეუძლია, სადაც საერთო ღირებულებებზე შეთანხმება შემდგარია და ოპონირების მიუხედავად, ერთობლივი მიზანი ქვეყნისა დასახულია.”-წერს კონსტანტინე გამსახურდია.










