საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592.4 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 7.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი, 2022 წლის III კვარტალთან შედარებით,12.0%-ით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.
საზღვარგარეთ ვიზიტებისას გაწეული ხარჯების კატეგორიების განაწილება:
- საყიდლები – 236.7 მლნ ლარი;
- საკვები და სასმელი – 137.9 მლნ ლარი;
- განთავსება – 119.8 მლნ ლარი;
- ადგილობრივი ტრანსპორტი – 51.1 მლნ ლარი;
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 28.5 მლნ ლარი;
- სხვა ხარჯი – 18.3 მლნ ლარი.
საქსტატის გამოქვეყნებულ გამყვანი ტურიზმის სტატისტიკაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ თითქმის 819.9 ათასჯერ გავიდნენ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს 397.6 ათასი მოქალაქე საზღვარგარეთ ტურისტული ტიპის ვიზიტით გავიდა, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ექსკურსიულ ვიზიტებს, იმავე დროით პერიოდში 249.6 ათასი ადამიანი სწორედ ამ მიზნით გავიდა ქვეყნიდან. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 2%-ით აღემატება.
ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით:
- თურქეთი – 41.5%;
- სომხეთი – 16%;
- რუსეთი – 14.4%;
- აზერბაიჯანი – 1.4%;
- ევროკავშირის ქვეყნები – 14.4%;
- სხვა ქვეყნები – 12.8%.










