პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
კანონის პროექტს აფასებენ ოპოზიციონერი დეპუტატები და პარტიების წარმომადგენლები.
ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის! – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის პლენარული სხდომაზე. როგორც ბოკუჩავამ განმარტა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაპირისპირების წყაროა“.
რუსული კანონი სამიზნედ იღებს საქართველოს მეგობრების, საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ დახმარებას, რომელიც ხმარდება მათ შორის ეკლესიების კონსერვაციას, სკოლების რეაბილიტაციას, გზების მშენებლობას, მათ შორის 260 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, „ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი წაართვას“.
ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“. დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას და არა ერთეულებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ლაშა ფარულავას განცხადებით, მათ არ სურთ საქართველოში საბჭოთა ინსტრუმენტების დაბრუნება.
საბჭოთა კონსტიტუციაშიც ეწერა, რომ ყველა რესპუბლიკას საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ეს მშვენიერი ჩანაწერი სასაკლაოდ დაუჯდა – როცა კონსტიტუცია და შენი ქვეყნის მომავალი არაფრად გიღირს, ჩანაწერი არაფერს ნიშნავს! ევროპის ფართოდ გაღებული კარის წინ, ორსავ ფეხზე ისე მყარად დგახართ, რომ ასე დიდხანს იდგებით! – ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ.
ჩხეიძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდა, “მყარად მდგარი ფეხები დაძრან“ და ნაბიჯი ევროპის მიმართულებით გადადგან. როგორც მან ამ კონტექსტში განაცხადა, ასე ნანატრ და ახლოს მყოფ ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი არ დათმობს.
ჩხეიძის შეფასებით, გამჭვირვალობის აუცილებლობა მხოლოდ ფართო მასებისთვის გათვლილი პროპაგანდაა, პარლამენტში ინიცირებული კანონის მიღება კი, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ კურსს შეცვლის.
იძახიან „ცალ ფეხზე დგომა“, „ცალ ფეხზე დგომა“, მესმის ჰო, ვერ დადგებით ცალ ფეხზე, იმიტომ რომ მუხლებზე დგახართ – უფრო მეტი მხუთავი აირი გაქვთ ნაყიდი? თუ უფრო მეტი დათვის და რეზინის ტყვიები? წაუკითხავი კანონიო რომ იძახით, იმ ახალგაზრდების შეურაცხყოფა არ არის? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის დიდი ბოქლომი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და „ქართული ოცნება“ ქვეყანას მორიგი დაპირისპირებისთვის იმეტებს.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, საქართველოში დაპირისპირება მტრის ინტერესია და უმრავლესობას მიმართა, „იქნებ შესაძლებელი იყოს, რომ დავილაპარაკოთ და ქვეყანა არ მივიყვანოთ დაპირისპირებამდე“.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, ჯაშუშის იარლიყი მიაწებოს საზოგადოების ყველა ჯგუფს, ვისაც ეს რეჟიმი ვერ აკონტროლებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისი შეფასებით, ხელისუფლების ამოცანაა საზოგადოების მორალურად გატეხვა.
რამდენიმე თვეში არჩევნებია, რატომ არ შეგიძლიათ, ეს კანონი გაიწვიოთ, არ შემოიტანოთ და ხალხს მისცეთ არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობა?! თქვენ ხართ მთავარი პროვოკატორები, მთავარი ამრევები, თქვენ გინდათ დაპირისპირება, თქვენ ემუქრებით ახალგაზრდებს, თქვენ გინდათ, რომ წყლის ჭავლი მიუშვიროთ – ეს კანონი არც კი უნდა განიხილოთ იმიტომ, რომ ეს არის დაძაბულობის და დაპირისპირების კერა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი ტყუილი და საზოგადოების გადაგდება გახდა“.
“სოციალურ ქსელში ჩემმა მეგობარმა ერთი ძალიან კარგი ახსნა გააკეთა. იქნებ ასე მაინც გაიგოთ, როგორი პროპაგანდისტული დამოკიდებულება გაქვთ ამ თემის მიმართ: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რომ თქვას, რომ სამი კუთხური ითვლება ერთ პენალად, UEFA-მ კი თქვას: თუ ასე გააკეთებთ და ამ წესს მიიღებთ, UEFA-ს წევრი ვერ იქნებით და ჩემპიონატებზე ვერ ითამაშებთ. შემდეგ დადგეს კალაძე და კობიაშვილი და თქვან: ამათმა რა იციან საერთოდ ფეხბურთი, ესენი აზრზე არ არიან, არ გვინდა ასეთი UEFA; ამ წესს მაინც მივიღებთ და სამი კუთხური მაინც იქნება პენალი” – იგივე დამოკიდებულება გაქვთ ევროკავშირთან მიმართებით. უნდა გესმოდეთ, რომ ეს კანონი არც კი უნდა განიხილოთ იმიტომ, რომ ეს არის დაძაბულობის და დაპირისპირების კერა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
„მთავარი კითხვა, რაც, ალბათ, უნდა დავუსვათ ამ ადამიანებს, რომლებიც სხედან დარბაზში – რას ერჩით საქართველოს, მართლა რას ერჩით ქართველ ხალხს? ვის ინტერესებს ემსახურებით? თქვენ როცა საუბრობთ უცხოურ გავლენებზე, მე გეკითხებით, ვის ინტერესებში შედის ამ კანონის მიღება? არ შედის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან ქართველი ხალხის არჩევანია ევროკავშირი. დიახ, ის ევროკავშირი რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას, განვითარებას. ეს კანონი არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესში, იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირის წევრობა.” – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ყველაფერი ლევან მურუსიძის დაცვას გადავაყოლეთ – მესმის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ამაზე შეიძლება იდგეს, მაგრამ გადავიმტერეთ აშშ, გადავიმტერეთ ევროპელები და ალტერნატივა რა არის?! რის იმედზე ვართ?! ჩვენს რეალობაში ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად რუსობას ნიშნავს! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.
რაქვიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ბევრი რუსულს ეძახის, შინაარსობრივად აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული კანონია. მისივე თქმით, ახლა ამერიკელებთან დაპირისპირება რუსეთისთვის სასარგებლო ქმედებაა.
დღეს, იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, იმაზე თუ რა სიდუხჭირეში და სიღარიბეში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა და ამის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდის საზღვარგარეთ, რათა არჩინონ ოჯახები, ივანიშვილის პარტიამ „რუსული კანონი“ დააბრუნა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
დავით ხაჯიშვილის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილმა არ დააცადა ის სიხარული, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა და ცოტახნით გაგვაერთიანა მთელი ქვეყანა. ის მოკლე პერიოდი, როდესაც ქართველი ხალხი ერთად ზეიმობდა სიხარულს – ვერ აიტანა ამ ადამიანმა“.
ვხედავთ, რომ კრემლში დაგეგმილი სპეცოპერაციის განხორციელებას ახდენს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისი შეფასებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშლება.
ღირებულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და ამ ღირებულებებიდან გამომდინარე დგას დღეს ხალხი გარეთ, რომ თქვან – „არა რუსულ კანონს“, რაც ჩემთვის ნიშნავს – „არა ანტიქართულ კანონს“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
აქუბარდიას თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ანტიქართულია, რადგან მოქალაქეებს კანონი ყოფს და აპირისპირებს.
დაიცავს ქართველი ხალხი ამ ენის ღირსებას, რომ ქართულ ენაზე არ დაიწეროს რუსული კანონი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კანონი არის რუსული, მისი განზრახვა, მისი ამოცანა, მისი შინაარსი, მისი სტრუქტურა და მისი შედეგები ამ ქვეყნისთვის იქნება რუსული და დაუშვებელია მისი მიღება!
“არ მოგწონთ და ძალიან გაღიზიანებთ ეს ტერმინი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ტერმინი და აქ მოვისმინე, რომ თქვენ დაარქვითო. ჩვენ კი არ დავარქვით, მთელი ცივილიზებული მსოფლიო ასე გეუბნებათ. გამოგრჩათ, ალბათ, და შეგახსენებთ, რომ მაგალითად, ევროპის სახელმწიფოების პარლამენტების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში სწორედ მოხსენიებულია ეს კანონი, როგორც რუსული კანონი და შეფასებულია თქვენ მიერ მისი კვლავ დაინიცირება, როგორც ნაბიჯი ქართველი ხალხის მისწრაფებების და მომავლის წინააღმდეგ.
რუსული კანონი დაარქვა ამ კანონს არაერთმა ევროპარლამენტარმა იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, რომ ასეთი კანონი არ არის ევროპაში და ზუსტად იციან, რომ ასეთი კანონი არის რუსეთში. იმავეს გეუბნებათ ეუთოს მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნა, რომელიც მიგითითებთ, რომ მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებულ კანონებთან და რომ ეს არის რუსული კანონი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რატომ უნდა დავაყენოთ სასწორზე „ქართული ოცნების“ „ხუშტური“ და ჩვენი შვილების მომავალი?! – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აქციებით თუ არჩევნების შედეგებით, ქართველი ხალხი ხელისუფლებას პასუხს აუცილებლად გასცემს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა.
„რუსული კანონი“ არ ემსახურება მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში – რამდენი ბანერიც არ უნდა გამოაკრათ ჩვენი მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა თუ სოფლების ქუჩებში, ეს ადამიანები გამოვლენ და აუცილებლად წაგაღებინებენ უკან ამ კანონპროექტს, სანამ კანონად აქცევთ! – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.
მისივე განცხადებით, „ერთიანობის წინააღმდეგ ყველა გადადგმული ნაბიჯი, ადეკვატურად იქნება შეფასებული როგორც ხალხის, ისე პოლიტიკური პარტიების, ასევე ჩვენი პარტნიორების მიერ“.
რუსული კანონი ხელს უშლის ძალიან ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტერესებს, საზოგადოების ყველა ფენის და ყველა პროფესიის ფიზიკურ პირს,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს.
ბავშვებს დაშლით?! დედა გეტირებათ! ხომ ჩემზე უკეთ იცით?! – კატასტროფაა! ჩვენ თუ 27 ქვეყანას დავუპირისპირდით, რუსეთის შესაჭმელად ტოვებთ ქვეყანას, კაცო?! ქვეყანას რას უკეთებთ?!, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ: კანონპროექტი შინაარსით უთუოდ, რუსულია და დასავლური სივრცე გამადიდებელი შუშით გვიყურებს. ჩარკვიანი სიტყვით გამოსვლისას ასევე, კომიტეტის სხდომაზე გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასაც შეეხო.
თუ დასავლეთს რუსეთი გირჩევნიათ, უნდათ თქვათ, რომ ქართველო ხალხო, ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისთვის ან პლებისციტისთვის და გვინდა მხარი დავუჭიროთ იმას, რომ შემოვტრიალდეთ დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ და ამ მიმართულებით ვიაროთ – მოდით, გაბედეთ, ჩაატარეთ რეფერენდუმი იმის შესახებ, საით მიდის ეს ქვეყანა, იყავით ქართველ ხალხთან მართალი. პოზიცია დაადეკლარირეთ, როგორც პრორუსული, – ასე მიმართა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, თუ ქართველი ხალხი რეფერენდუმში რუსეთს დაუჭერს მხარს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააგრძელოს ის საქმიანობა, რასაც დღეს აკეთებს, მანამდე კი ამის არანაირი უფლება არა აქვთ.
ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ქვეყნის ისტორიულ მტრებსა და ისტორიულ მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს – არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება! – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ლილუაშვილის თქმით, უმრავლესობის კანონპროექტის რეალური მიზანი ევროპის მტრად გამოცხადება, ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა. მისივე თქმით, ხელისუფლების რეალური მოტივი გამჭვირვალობის კუთხით დამატებით ზომების მიღება რომ იყო, მათ ალტერნატიულ საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭერდა მხარს.
მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი და მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნება, რომ ეს კანონი არის რუსული, ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის გეოპოლიტიკური ტესტი.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პლენარულ სესიაზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც კენჭისყრის შედეგად, 78 ხმით 25-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი აირჩია, პოლიტიკური ჯგუფის – „საქართველოსთვის“ მიერ შემუშავებული ორი ალტერნატიული პროექტი კი ჩააგდო.
კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.