ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა სამუშაოების დაწყებიდან მე-18 თვეს ასე გამოიყურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო, დასრულების ვადად კი წესით 2021 წლის სექტემბერი განისაზღვრა, მაგრამ შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ვადის გახანგრძლივება 2022 წლის 28 მაისამდე მოითხოვა.
სამუშაოებს კომპანია შპს „დამბა“ აწარმოებს, მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯაბაძეა, რომელიც 2016 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში მოხვდა, როგორც ქართული ოცნების შემწირველი
სწორედ გიორგი ჯაბაძემ მიწერა 12 ივლისს წერილი, დამკვეთს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი შენგელიას სადაც აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 ივლისამდე ჯამში მხოლოდ თვენახევარი იმუშავეს. მიზეზად კი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და ერთ-ერთი კედლის ფრაგმენტის ჩამოშლა და დეფორმაცია დაასახელა. რის გამოც პროექტის შეცვლა მოუწიათ, არადა რეაბილიტაციამდე ჩატარებულ ტექნიკურ ანალიზში ფრაგმენტის ჩამოშლის საშიშროებაზე არაფერი ეწერა. გარკვევით იყო აღნიშნული რომ შენობას ესაჭიროებოდა მზიდი კედლების გალესვა და საძირკვლის გამაგრება.
როგორც ადგილზე გავარკვიეთ სამუშაოების დასრულების ვადამ კიდევ ერთხელ ახლა უკვე სექტემბრამდე გადაიწია. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად გონივრულად მოხდა ვადების გადაწევა და დასახელებული მიზეზები ნამდვილად იყო თუ არა რეაბილიტაციის პროცესში ხელშემშლელი ფაქტორები? ინფრომაციის დასაზუსტებლად მუნიციპალური ფონდის პრეს სამსახურს დავუკავშირდით, თუმცა კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ სამუშაოები რომელიც 11 თვეში უნდა დასრულებულიყო დაწყებულიც კი არ არის.