ქუთაისის ტორპედო განცხადებას ავრცელებს და წერს რომ, მატჩებზე აღარ დაიშვებიან ის პირები ვინც სტადიონზე სიძულვილის ენას გამოიყენებს.
,,ქუთაისის “ტორპედო” გმობს სტადიონზე სიძულვილის ენის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ქცევის ყოველგვარ გამოვლინებას.
კლუბისთვის პრინციპულად მიუღებელია ისეთი გარემო, სადაც ილახება ადამიანის ღირსება. შესაბამისად, დაუშვებლად მივიჩნევთ მატჩზე იმ პირის დასწრებას, რომლის ქცევაც შეურაცხყოფს ფეხბურთელს, მწვრთნელს, მსაჯს, კლუბის წარმომადგენელს, მოწინააღმდეგე გუნდის წევრს ან ნებისმიერ გულშემატკივარს.
ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება. მსგავს ქმედებაში მონაწილე პირებს შეეზღუდებათ სტადიონზე დასწრების უფლება, ხოლო თითოეული შემთხვევა შეფასდება მოქმედი კანონმდებლობისა და სტადიონის რეგლამენტის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით.
“შენგელია არენა” ცხადდება სიძულვილის ენისგან თავისუფალ სივრცედ. ფეხბურთი აერთიანებს ადამიანებს. ჩვენი მიზანია, სტადიონზე მოსულმა თითოეულმა გულშემატკივარმა, ასაკის, ეროვნების, სქესის, რელიგიისა თუ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, თავი უსაფრთხოდ, დაცულად და პატივისცემის გარემოში იგრძნოს.
ამავე პრინციპით, ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მისაღებია მხოლოდ კონსტრუქციული და ჯანსაღი კრიტიკა. სიძულვილის ენის, მუქარის, შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახველი შინაარსის კომენტარები წაიშლება, ხოლო მათი ავტორების მიმართ კლუბი გამოიყენებს შესაბამის მოდერაციის ზომებს.
“ტორპედო” მადლობას უხდის თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც საკუთარი ქცევით ხელს უწყობს უსაფრთხო, ღირსეულ და პატივისცემაზე დაფუძნებული საფეხბურთო გარემოს შექმნას.”- წერს ქუთაისის ტორპედო ოფიციალურ გვერდზე.
ცნობისთვის ქუთაისის ტორპედო აზერბაიჯანულ ზირასთან 0:6 დამარცხდა. სტადიონზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია, იყო სიტყვიერი დაპირისპირება. გუნდის გულშემატკიბრები მწვრთნელის დირკ შუსტერის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.









