ბევრი ვეცადეთ, მათ შორის, ინვესტორების ჩართულობით ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებაც, მაგრამ არ გამოვიდა – განაცხადა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საბურთალოზე, ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
კალაძის თქმით, ინვესტორს თავის პირობები და ბიზნესინტერესები აქვს, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას მერია განახორციელებს:
ხუთსართულიანი ე.წ. ხრუშოვკის ტიპის სახლი რომ დავანგრიოთ, ინვესტორი ითხოვს 6-17 სართულიანი შენობის აშენებას. მათიც მესმის, რადგან ბიზნესს სხვა ინტერესი აქვს. თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალაქში 10 000-მდე ცათამბჯენი გაჩნდეს. ეს საერთოდ გაანადგურებდა თბილისს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამას მერია განახორციელებს და გარანტორიც თავად იქნება. საბოლოოდ, ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება”, – ამბობს კალაძე.
მისივე თქმით, დამატებითი ხარჯი და “წყალში გადაყრილ ფულია”, ავარიული სახლების გამაგრებაც, რადგან სამუშაოებიდან 4 წლის შემდეგ, შენობები ისევ საფრთხისშემცველი ხდება და საშიშია სიცოცხლისთვის.










