ხელისუფლება FARA-ს სახელით ცდილობს მიიღოს „რუსული კანონი“ – ამ კანონის მთავარი დანიშნულება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელებაა და სწორედ ამისკენ არის მიმართული „ქართული ოცნების“ მიზანი და არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ FARA-ს კანონის ინიცირების მიზანი, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელებაა.
„2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პირველად სცადა მიეღო „რუსული კანონი“, მაგრამ ქართველი ხალხის წინააღმდეგობას წააწყდნენ. 2024 წელს მათ კვლავ სცადეს, მაგრამ წინააღმდეგობის მიუხედავად, მიიღეს კანონი, თუმცა კანონის იმპლემენტაცია დღემდე ვერ მოხდა. სწორედ ეს წერია FARA-ს მიერ წარმოდგენილ განმარტებით ბარათში, რომ მათ ვერ მოახერხეს აღნიშნული კანონის ცხოვრებაში გატარება, იმიტომ, რომ ეს პრაქტიკულად ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების განადგურებას ნიშნავდა.
წელს, უკვე მესამედ ხელისუფლება სხვა ფორმით ცდილობს მიიღოს „რუსული კანონი“. რატომ არის ეს კანონი რუსული? იმიტომ, რომ მისი მთავარი დანიშნულება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელებაა და სწორედ აქეთკენ არის მიმართული „ქართული ოცნების“ მიზანი და არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა.
რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იქნება საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული, იმ კონვენციების ერთგული, რომელსაც საქართველო წლების წინ შეუერთდა და დღემდე მოქმედებს, მათ შორის ევროპული კონვენცია, მათ შორის სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებთან ეს კანონი წინააღმდეგობაშია. ანუ, ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია, ანტიქართულია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს და პრაქტიკულად სამოქალაქო საზოგადოება და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში გამარჯვებული დარჩეს“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.