დღეს, 25 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, სადაც თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს.
მათი განმარტებით, მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლება და 2000-მდე უკანონოდ დაკავებული მაღაროელის სამსახურში დაბრუნებაა.
“დღევანდელი ჩვენი მოთხოვნაა უსამართლოდ დაკავებული ოთხი მაღაროელი აუცილებლად გათავისუფლდეს, რადგან არ არსებობს არანაირი ფაქტი მათ წინააღმდეგ.
ასევე საქართველოში არსებობს ზოგადად ის უკანონობა, პოლიტპატიმრები, უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
ჭიათურა არ არის გამონაკლისი და გამოკვეთილი. მთელ საქართველოშია იგივე პრობლემა. ასევე, უსამართლოს გათავისუფლებული მაღაროელები —2000-მდე მაღაროელზეა საუბარი, რომლებიც კომპანიამ უკანონო რეორგანიზაციის შედეგად გაუშვა სახლებში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ სამუშაო ადგილზე თუ უნდათ, რომ ჭიათურა არსებობდეს და იყოს როგორც ქალაქი. აი, ეს არის მოთხოვნები და კიდევ დანარჩენი დეტალები, რაც შეიძლება აქციაზე გავაჟღეროთ…
ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანია არსებული მდგომარეობა გავაცნოთ სრულიად საქართველოს, როგორც პატიმრების, ასევე ჭიათურის მდგომარეობა; სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულები და ვამხილოთ ჯანდაცვის სამინისტრო და მის ზურგში მყოფი ადამიანები იმ კორუფციაში და მიკერძოებულობაში, რაც ჭიათურის წინააღმდეგ ჩაიდინეს” – განაცხადა მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ NEWS.On.ge-სთან საუბრისას.









