წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბი “ეკოდაივერები” კვლავ ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალშია.
გასული წლის მსგავსად, 2025 წელსაც “ეკოდაივერებმა” კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება და მოტივაცია — მთელი წლის განმავლობაში მათ განახორციელეს მრავალი შემოქმედებითი, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროექტი, რომლებიც თითქმის ყველა მდგრადი განვითარების მიზანს მოიცავდა.
წყალტუბოს მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბი “ეკოდაივერები”(ხელმძღვანელი: ქრისტინა ქუთათელაძე) უმაღლესი ქულებით მოხვდნენ ნახევარფინალში, და ახლა უკვე, უმაღლესი შეფასებით ელოდებიან ფინალს, რომელიც სექტემბერში გაიმართება.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ. დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1 000–ზე მეტმა სკოლამ.










