აშშ-ის ტენესის შტატში წყალდიდობის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის 7 თვის ტყუპები გარდაიცვალნენ. ინფორმაციას ამის შესახებ AP ავრცელებს.
სამაშველო ჯგუფები სტიქიის შედეგად დაკარგულთა ძებნას აგრძელებენ. წყლის ნაკადით განადგურებულ სახლებს შორის სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერმა წვიმამ სოფლებში დიდი ნგრევა გამოიწვია. წაღებულია გზები, დაზიანებულია სატელეფონო ხაზები. მოსახლეობა ახლობლებთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
მაშველები ათობით დაკარგულს ეძებენ. პოლიციის თქმით, მათი უმეტესობა ცხოვრობდა ტერიტორიებზე, სადაც წყლის დონემ ძალიან აიწია.










