ოქროს ჩარდახის რეაბილტაციის პროცესის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სამოქალაქო აქტივისტი ფოკი გაჩულია.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“გაშიშვლდა ოქროს ჩარდახი და მთელი მისი შემორჩენილი ხასიათი გამოიკვეთა.
მეფეთა რეზიდენციიდან შემორჩენილი ე. წ. მცირე სახლის პირველი სართული გადაწყვეტით უნიკალურია – ოთხ რიგად განლაგებული ღია თაღები 12 ბურჯს ეყრდნობა. წყალდიდობისგან დასაცავად მოუფიქრებიათ ამგვარი გადაწყვეტა. სვეტები სიძლიერის სიმბოლო იყო. მათ შორის სულიერი სიძლიერის, მზაობის, არდანებების.
მცირე სახლი რეზიდენციის მხოლოდ ნაწილია. შემორჩენილი ნაწილი.
რეზიდენციაში შედიოდა (ჩვენამდე ვერ მოაღწია): წმ. გიორგის კარის ეკლესია, დიდი სახლი, სასადილო პალატი, ეზოში – ჩარდახი.
ოქროს ჩარდახი 1960-იან წლებშიც კი არ დაუმახინჯებიათ იმგვარად, როგორადაც ახლა აპირებენ.
წლების შემდეგ დაიწერება ჩამონათვალი, რა შედიოდა რეზიდენციაში. ჩასწორებით – “ვერც მცირე სახლმა მოაღწია ჩვენამდე. იგი 2023 წელს უცოდინრობითა და არაკვალიფიციურობით გაანადგურეს. მაშინდელი მერია თავის უფროსობას დაპირდა. დაპირდა და გაარემონტა” – წერს ფოკი ფაჩულია.
იმერეთის მეფეთა მისაღები დარბაზი, იგივე “ოქროს ჩარდახი” საფრთხეშია. მე-17 საუკუნით დათარიღებულ ამ ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროცესი თვეების შემდეგ დაიწყო, თუმცა თუ პროცესი გათვალისწინებული პროექტის მიხედვით წარიმართება მის უნიკალურობა და კულტურული ღირებულება დაიკარგება.

“ოქროს ჩარდახი” დარბაზი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია და მისი შენარჩუნება ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მითუმეტეს, მაშინ როცა “ოქროს ჩარდახი” ქალაქში შემორჩენილი ყველაზე ძველი საერო ნაგებობაა. ქუთაისს მე-17 საუკუნის სხვა არქიტექტურული ძეგლი არ აქვს.