თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია კვანტალიანი აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც მისი თქმით მოძალადე პოლიციელები ჩანან. ჩანაწერი იასამნების ქუჩაზე იმ დროსაა გაკეთებული, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიზნესმენის აყვანის ოპერაციას ატარებდა.
ია კვანტალიანის მტკიცებით, იდენტიფიცირებული ჰყავს ის პოლიციელები, რომლებმაც ჯერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება არ მისცეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და მობილური დაუმტვრიეს.
თუ იურისტს დავეყრდნობით, არსებობს მოწმეც – ის გამგეობის თანამშრომელია და საკუთარი თვალით დაინახა ელიზბარაშვილის სახლის კართან წაქცეული ადვოკატი.
“აი ეს ბატონი პირდაპირ წიხლებით შემდგა შუა საგამოძიებო მოქმედებების დროს და გამომაგდო გარეთ, რატომ არ აკავებთ?” – ისმის ვიდეოში.
როგორც ია კვანტალიანი ამბობს, მოგვიანებით გაარკვია, რომ პოლიციელი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებს ბიჭიკო წოწორიაა.
ერთ-ერთი მოძალადე, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა, მომაწოდეს ინფორმაციას, რომ ის არის სამმართველოდან ბიჭიკო წოწორია და მე ყოველდღე ველოდები პროკურატურისგან, რომ დააკავებენ ამ პირებს”, – ამბობს ია კვანტალიანი.
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის დაწყებული.
1-ელ სექტემბერს, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ, იარაღს ეძებდნენ.
ჩხრეკას ესწრებოდა ადვოკატი ია კვანტალიანი. მისი თქმით, ბინა ძალით დაატოვებინეს და სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.








