საბა ჭეიშვილი სპორტსმენი იყო. რაგბის კლუბ ‘აიას’ ჭაბუკთა ა ლიგის მოთამაშე გახლდათ. ცოტა ხნის წინ კლუბის ადმინისტრაციამ სამძიმრის წერილი გაავრცელა:
“დღევანდელი დღე უმძიმესი ტრაგედიით დაიწყო ქუთაისური და მთლიანად ქართული სარაგბო ოჯახისთვის. გარდაიცვალა ‘აიას’ ჭაბუკთა ა ლიგის მოთამაშე საბა ჭეიშვილი… რაგბიზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინ საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა და მას შემდეგ სიცოცხლისთვის იბრძოდა”.
“საუკეთესო ბიჭი იყო, სპორტსმენი, წარმატებული მოსწავლე და შემდეგ წარმატებული სტუდენტი” – ასე ახასიათებენ ქუთაისში საბას.
ახალგაზრდა ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯის, “ალმა მატერის” სტუდენტი იყო.
“დღეს ქუთაისური მზეც რა მორიდებულად ანათებს, ღრუბლებს მიღმა იმალება , თითქოს რაღაცის რცხვენიაო… შერცხვებოდა აბა რა იქნებოდა! დილით ჩვენი მზე ბიჭის გულისძგერა შეწყდა სამუდამოდ! ანგელოზთა საუფლოვ, ერთი ლამაზი, ხუჭუჭა, მზისფერი ანგელოზი შემოემატა თქვენს რიგებს. გთხოვთ, დააფრთიანოთ , გულზე მიიკრათ და უფალთან წარუძღვეთ ზეციურ ცხოვრებაში ახალფეხშედგმულ” – ნათქვამია “ალმა მატერის” განცხადებაში.