ძაღლის ჭირის გავრცელების რისკზე ვეტერინარები საუბრობენ. დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და როგორც ქუჩის, ასევე ოჯახში მცხოვრები ძაღლები ინფიცირდებიან.
,,მთავარის” ინფორმაციით, ვეტერინარები ყვებიან, რომ ბოლო წლებში გართულდა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ამის გამო კი, უფრო მძიმე სამკურნალო გახდა. თუ ვირუსმა განვითარების მაღალ სტადიას მიაღწია ცხოველი უმეტეს შემთხვევაში კვდება.
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ახლა ცხოველთა თავშესაფრებში უწევთ. დედაქალაქის მუნიციპალურ თავშესაფარში ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო წესს იცავენ, თუმცა, პრევენცია გარანტირებული მაინც არ არის, რადგან მიუსაფარ ცხოველს ზოგჯერ ინფიცირების ნიშნები საერთოდ არ აღენიშნება.
თუ ძაღლს ჭირი დაემართა, თავშესაფარი ვალდებულია, ცხოველი დააძინოს, ამიტომ ვეტერინარები შინაური ცხოველების მოყვარულებს ახლა განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.