წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა.
როგორც წითელი ჯვრიდან იუწყებიან, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს 14 ნოემბერს დაუკავშირდა.
„მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წჯსკ დელეგატებმა ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს მას გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ აცნობა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია განცხადებაში.