2026 წლის მაისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. მათ შორის, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები შეიცვალა.
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1-ლი მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.
აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.
ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.










