ომი და მშვიდობა…
ჩემმა თაობამ ორივეს გემო იცის.
დენთის სუნიან გარემოში ვცხოვრობთ.
იყო დრო,”მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა”(?!)და “ბაბაიას” ვეძახდით ჩექმებიან მეზობელს.
“საქართველო უქართველოდ!”ლოზუნგიც გვახსოვს,ჩვენს ბავშვობაში იოცნებეს რუსებმა,ან სულაც ამ ოცნებით დაიბადნენ იქაური პირველები…
მუმლივით გვეხვეოდნენ,ზოგჯერ-“მოყვრულად”,ზოგჯერ-ჯიქურად…
ხან ვეტრფოდით მათ,ხანაც ყელში ამოგვდიოდნენ…
37 მანეთად ჩასულ ქართველებს ზედ ახტებოდნენ რუსის ახურებული ქალები და ჩვენივე გენით გამრავლებულმა “ახალმა რუსებმა” ისევ იმუმლეს საქართველოში…
ცამეტი წელი გასულა?!
ახლაც ომია,
უსისხლო,უიარაღო,უბომბო…
მავთულხლართების მარწუხებში გვიპირებენ ამოჟუჟვას…
არა და,ზემოდან საერთო ღმერთი გვიყურებს …არც მისი ეშინიათ.
ეშმაკთან “ჩაბრატებულებს”ღმერთი არც ახსოვთ…
ახლა 2021 წლის 8 აგვისტოა.
შეიძლება ითქვას,ომი არ არის…
მაგრამ…საქართველოს გულია ქართლი და იქ დღესაც საომარი ზონაა…
მავთულს მიღმა სხვა საქართველოა,დასაკარგავად განწირული საქართველო…
ეჰ…მერე რა,რომ მზე ჩრდილოეთიდან აღარ ამოდის…”ბაბაიას”ვიძახით მაინც…
პ.ს.
ახლა ბევრისთვის მზე დასავლეთიდან ამოიწვერა…
კაი რა…
როდის გვეღირსება,რომ საქართველოში მზე საქართველოდან ამოდიოდეს…
ოთო დანელია