კიმ ჩენ ინი კვლავ გაუჩინარდა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე უკვე 24-ე დღეა არ გამოჩენილა, რაც ამ წელს ყველაზე დიდი პერიოდია.
ბოლოს ის ფხენიანში გამართულ კონცერტზე 7 მაისს ნახეს.
მანამდე სამხრეთ კორეის ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კიმ ჩენ ინი საზოგადოებრივ ღონისძიებებს კორონავირუსთან დაკავშირებული შიშების გამო არიდებს თავს.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში სულ უფრო ნაკლებად ჩნდებოდა. შარშან მას იმდენად დიდი პაუზები ჰქონდა, რომ მედია მისი გარდაცვალების ვერსიასაც არ გამორიცხავდა. დადიოდა ხმებიც, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კომაშია. ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ მას მძიმე დაავადება აქვს, რის გამოც უფლებამოსილებების ნაწილი მის დას გადაეცა. ჩრდილოეთ კორეის ჩაკეტულობის გამო, ეს ცნობები ვერ დასტურდებოდა.