ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველაფერი, ყველაფერი გააკეთონ – ბინძური ძალა საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მფარველები ჰყავს უცხოეთში, ეს არის ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
როგორც მან განმარტა, არჩევნებზე მოსახლეობა ყველას საკადრის პასუხს გასცემს, მათ შორის რადიკალებს.
„ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველაფერი, ყველაფერი გააკეთონ. არამარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ნახეთ პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, სასიკვდილოდ გაიმეტეს, გადარჩა, შეიძლება ათასში ერთი ადამიანი გადარჩეს. რა თქმა უნდა, ბინძური ძალა საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება, მფარველები ჰყავს უცხოეთში, ეს არის ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. ეს არ არის უბრალო სიტყვები, და მოგონილი. გავიხსენოთ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ რას ბედავდნენ, რას ჩადიოდნენ, რას აკადრებდნენ მოსახლეობას. შესაბამისად, დღეს, საზოგადოებამ კარგად იცის რას წარმოადგენს აღნიშნული რადიკალები, ვინ არიან, საიდან იმართებიან. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე მოსახლეობა ყველას საკადრის პასუხს გასცემს, მათ შორის რადიკალებს”,- აღნიშნა კალაძემ.










