მიხეილ სააკაშვილს ყვარელში სასტუმროს აშენება სურს. მისი თქმით, ამ ოცნების ასასრულებლად ბანკიდან კრედიტის გამოტანას გეგმავს.
“ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, სადაც ბიუჯეტში იყო 0, სადაც იყო მრავალი თვის გაუცემელი პენსიები და ხელფასები.
მე კარგად მახსოვს, გვაჩუქეს სურათი: ორი მოხუცებული წყვილი ზის კომოდთან, ეს კომოდი არის ცარიელი და მიწერილი ჰქონდა ამ სურათს – “მიშა ამივსე ძალიან გთხოვ ეს კომოდი”. ჩვენ რაც შევძელით – ავავსეთ.
ჩვენ საქართველოს ბიუჯეტი გავზარდეთ 12-ჯერ, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ – ე.ი. ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სამუშაო ადგილები გაიზარდა თითქმის ორჯერ.
ახლა ვართ, როგორც იცით მსოფლიოში მე-5 ადგილას უმუშევრობით.
რაც მთავარია, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ ის და წავედით ცარიელები. სანდრა და ჩემი შვილი ნიკუშა ცხოვრობენ იმავე სახლში, რომელიც ჩვენ გვაჩუქა სანდრას მამამ – ედუარდმა.
დედაჩემი აქამდე ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც მე გავიზარდე. გადავდე ბებიაჩემის და ბაბუაჩემის 94-95 წელს დაწყებულ რაღაც მშენებლობა, როგორც იქნა ის მშენებლობა დამთავრდა და იქ არის გადასული ახლა.
ყვარელში ვერ დავამთავრე ის, რაც მინდოდა, აუცილებლად დავამთავრებ. მაქვს იქ რაღაც ოცნება, პატარა კრედიტი გამოვიტანო და ერთი 40 ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო, მაგრამ დღეს რაც არის ყველას შეგიძლიათ წახვიდეთ და ნახოთ.
იყო დრო, როცა წავედი საქართველოდან, მართლა საჭმლის ფულის პრობლემა მქონდა და ეს დედაჩემმა კარგად იცის, მერე დავიწყე ლექციების კითხვა.
ბოლო წლებში უკრაინაში ვარ და ვაღიარებ ასე კარგად არასდროს არ ვყოფილვარ იმიტომ, რომ როგორც იქნა მოხდა ეს ბიზნეს სექტორის მიერ და ზოგადად სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილების დაფასება კანონით.
მაგრამ, ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი არ წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი. ვინ მასამართლებს მე?” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.