ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამით, “ომიკრორნით” ინფიცირების შემთხვევების მატება ევროპის ჯანდაცვის სისტემებს “ზღვარზე დააყენებს”. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს
“ჩვენ ვხედავთ, რომ მორიგი ქარიშხალი გვიახლოვდება. რამდენიმე კვირაში “ომიკრონი” ევროპის უმეტეს ქვეყნებში დომინანტური იქნება, რაც უკვე დატვირთულ ჯანდაცვის სისტემებს უფსკრულისკენ უბიძგებს”, – განაცხადა მან.
კლიუგეს თქმით, Covid-19-ის ახალი შემთხვევების დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა, მეტი ჰოსპიტალიზაცია და ჯანდაცვის სისტემებისა და სხვა კრიტიკული სერვისების მასიური შეფერხებები გამოიწვიოს.
“მთავრობები შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისთვის უნდა მოემზადონ”, – დასძინა მან.
კლიუგემ აღნიშნა, რომ შტამი “ომიკრონი” ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან სულ მცირე 38-ში აღმოაჩინეს, ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს ვარიანტი დომინანტურია.










