გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთსა და დასავლეთს შორის შემდგარი მასშტაბური გაცვლის შედეგად გათავისუფლებულებს კელნის აეროპორტში დახვდა.
გაკეთებულ განცხადებაში გერმანიის კანცლერმა ყველას, ვინც ჯერ კიდევ რჩება რუსეთის საპატიმროებში, გათავისუფლების გზის პოვნა უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს.
როგორც შოლცმა აღნიშნა, ეს მისთვის განსაკუთრებული მომენტია.
„მივიჩნევ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თუ თქვენ რაიმე ეჭვები გქონდათ, მათ გათავისუფლებულებთან საუბრის შემდეგ დაკარგავთ. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლისთვის თავისუფლების იდეა მნიშვნელოვანია. ჩვენ გაცვლის შედეგად დავაბრუნეთ გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც სხვა შემთხვევაში, საფრთხეში იქნებოდნენ“,- განაცხადა ოლაფ შოლცმა.
შოლცი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობაში მყოფი ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლების საკითხსაც გამოეხმაურა და მას რთული გადაწყვეტილება უწოდა.
„არავისთვის არ იყო მარტივი გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე წლის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი მკვლელის დეპორტაციის შესახებ, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი“,- განაცხადა შოლცმა.