ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, მაშინ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა, – ამ სიტყვებით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მიმართა.
ამასთან, მან მოსამართლეს უთხრა, თუკი, მის მიმართ კვლავ პატიმრობას გამოიყენებდა, ეს არ აინტერესებდა.
„ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო ქვეყნისთვის…. ქვის სროლას და ფოიერვერკის, კვამლს რომ უშვებს, მის სროლას მედავებიან. ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ.
ჩემს ბრალდებაზე მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, მაშინ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა. გთხოვთ, გირაო 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გამოიყენოთ. თუ ბოთლის სროლა 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მე მაქვს ასანთის კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართ ვისვრი და გთხოვთ, 3 თვე დამიმატოთ“, – განაცხადა ცხადაძემ.
აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ცხადაძემ უპასუხა, რომ „ამ წუთიდან გაითვალისწინებდა“.










