კინოთეატრი „კავეას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მაიკო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კლინიკა რუსთავში მიცვალებულები აერით.

„ეს კეთილშობილი ქალბატონი გარდაიცვალა კლინიკა რუსთავში და სანამ ოჯახის წევრები ჩავიდნენ წამოსაყვანად, ის სხვას გაატანეს და ამ ქალბატონის ოჯახის წევრებს სხვა გარდაცვლილი გამოატანეს. კლინიკა რუსთავის ირგვლივ დიდი ხანია ისმის საშინელი ისტორიები, პაციენტების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ და ახლა უკვე გარდაცვლილებზეც გადავიდნენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა თქვენ არაფერი გაგიგიათ ამ კლინიკაში არსებული განუკითხავობის და ამ კლინიკის გარეწრობის შესახებ ?
რომელიმე გამწარებული ოჯახის პრობლემა შეისწავლეთ ოდესმე დეტალურად ? ვინ აძლევს და რის საფუძველზე ინარჩუნებენ ლიცენზიებს ეს კაციჭამია გარეწრები ? ვისი ინტერესია, რომ ხელი ქვედა რგოლს შეაწმინდოს ხოლმე ასეთ დროს ? ზედა რგოლი, მენეჯმენტი რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდეს, არც მორგში და არც მისაღებში ამგვარი უბედურებები არ მოხდებოდა. თქვენც ხომ იცით ?! ისედაც გამწარებულ და განადგურებულ ოჯახებს რომ მიცვალებულებს სტაცებენ, სავარაუდოდ მომხდარი დანაშაულის და გარდაცვალებამდე არაადამიანური მოპყრობის კვალის დაფარვის მიზნით, ეს იმდენად ნორმალური მოცემულობაა, რომ თქვენგან სპეციალური ჯგუფის შექმნას და იმ კლინიკაში არსებული სიტუაციის დეტალურ კვლევას არ საჭიროებს?
სადამდე უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სექტორში უვიცობა და გამიზნული ბოროტების თარეში ? ამ ყველაფერს ხშირ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლე და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა ეწირება. ვინ აგებს ამაზე პასუხს ? მინისტრის ცვლილება არ უშველის ამას – მინისტრებმა სისტემაში არსებული „მარგინალიზმი“ უნდა შეცვალონ, თორემ პირველი პირი ვინ იქნება სტრუქტურაში ხალხს ეგ არ ადარდებს. თეა წიკლაური ვწუხვარ ამ კეთილშობილი ბებოს გარდაცვალების და იმის გამოც, რაც შემდგომ გადაიტანეთ“, – წერს მაიკო სიხარულიძე.










