სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი “კონსტრუქტ2“ შრომის უსაფრთხოების ოფიცრებს გადაამზადებს. შედეგად, ორ წელიწადში აღნიშნული მიმართულებით დასაქმების ბაზარზე არსებული კადრების დეფიციტი აღმოიფხვრება.
დღეს “კონსტრუქტორ2”-ში მოკლევადიანი მომზადების პროგრამასა და შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებზე სასწავლო პროცესი დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ ინფორმაცია მიიღო კოლეჯის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის, ასევე პროფესიული განათლების აქტუალობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
მოკლევადიანი მომზადების პროგრამა უკვე წარმატებული პროექტია და სტუდენტთა მესამე ნაკადს იღებს, შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე კი „კონსტრუქტ2“ პირველად ახორციელებს მსმენელთა მიღებას. პროგრამა მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას უზრუნველყოფენ.