შიდა გამოცდები და მისი სისტემა, სამწუხაროდ გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა – ამის შესახებ N36-ე საჯარო სკოლის მშობლები “მეგა ტვ”-სთვის მოწერილ წერილში წერენ და განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 36-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე კვირის წინ სამსახურიდან პედაგოგი ნატალია თურქაძე, სკოლის იმიჯის შელახვის მუხლით გაათავისუფლეს, რასაც მოსწავლეებსა და მშობლებში პროტესტი მოჰყვა. მშობლები მიიჩნევენ რომ სკოლაში გაცილებით დიდი პრობლემებია, ვიდრე პედაგოგისთვის საჩუქრის გადაცემაა.
“მეგა ტვ” წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში მოგეხსენებათ ძალიან დაძაბულია სიტუაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ვგულისხმობთ პედაგოგის გათავისუფლებას სკოლის იმიჯის შელახვის მუხლით, რომელიც თითქოს გამოიწვია ყოფილი მოსწავლეებისგან მიღებულმა საჩუქარმა. მშობლებს გვიჩნდება პროტესტი, რადგან ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც სკოლის იმიჯს რეალურად ლახავს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც სკოლაში დგას არის შიდა გამოცდები და მისი სისტემა, რომელიც სამწუხაროდ გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ. ყოველი წლის ბოლოს ჩვენს შვილებს აქვთ გამოცდა ორ საგანში, ზოგჯერ ისეთ საგნებში, რომელიც შეიძლება არც კი ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ თავდაპირველად ძალიან მოგვეწონა გამოცდების ჩატარების იდეა, თუმცა ის, თუ რა სახეც მიიღო ამ პროცესმა მშობლების უმრავლესობისთვის მიუღებელია. გარემო ჩვენი შვილებისთვის გახდა სტრესული, ხშირად არის ნიშნებით მუქარა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს საერთო სურათს. ძალიან დიდ დარღვევად მიგვაჩნია, როცა ზოგი მასწავლებელი თავს უფლებას აძლევს და მოსწავლე გაკვეთილიდან გამოჰყავს მომზადების მიზნით. წარმოუდგენელია სხვა საგანს აკლებდე დროს, იმის გამო რომ მოსწავლე საგამოცდოდ მოამზადო! ამის ხელშემწყობი სკოლაში არის დირექტორიც, რადგან ეს ყოველივე მისთვის ცნობილია და დაფარული არ არის.
N36 საჯარო სკოლაში შექმნილი ვითარება არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საჯარო დაწესებულება კერძო ბიზნესის პლატფორმად გადაიქცეს. როდესაც დირექტორი ამ პროცესის მფარველია, ის ღალატობს მთავარ პრინციპს, ბავშვის უფლებას თანაბარ და უფასო განათლებაზე. მშობლები და საზოგადოება ითხოვენ დაუყოვნებლივ რეაგირებას განათლების სამინისტროსგან. დაუსვით წერტილი ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში გამეფებულ უსამართლობას!” – წერენ N36-ე საჯარო სკოლის მშობლები “მეგა ტვ”-სთვის მოწერილ წერილში.
ცნობისთვის, ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში საპროტესტო გამოსვლები მოსწავლეებმა და მშრობლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მასწავლებელი ნატალია თურქაძე, დირექტორმა სკოლის იმიჯის შელახვის მუხლით გაათავისუფლა. მასწავლებლის გათავისუფლებას კოლეგები, მშობლები და ბავშვები უსამართლობად აფასებენ. ასევე მშობლები შვილებს პროტესტის ნიშნად სკოლაში რამდენიმე დღე არ უშვებდნენ. ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.
როგორც ნატალია თურქაძე ამბობს, სკოლის დირექტორი მას ეთიკური ნორმების დარღვევას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია. საქმე ეხება ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღებას. კერძოდ, ნატალია თურქაძის თქმით, გასულ წელს, როცა გასულ წელს მე-12 კლასელებმა 20 მაისს სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა, გამოსაშვებ ბანკეტზე, რომელიც 13 ივნისს გაიმართა, სიურპრიზად გააჟღერეს, რომ ყოფილ დამრიგებელს იტალიის საგზურს აჩუქებდნენ. ნატალია თურქაძე იტალიაში, შვებულებაში ყოფნისას, 7 ივლისს გაემგზავრა.
სკოლიდან გათავისუფლებულმა პედაგოგმა ნატალია თურქაძემ სასამართლოს მიმართა და სამართლებრივ დავას იწყებს. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო. ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება.










