,,რა თქმა უნდა, სტიქიას ვერ აიცილებ, მაგრამ შეგიძლია იყო მისთვის მზად. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წინასწარი მოკვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, ყოფილიყო საკმარისი დრო, დაახლოებით ნახევარ საათამდე, რათა მომხდარიყო მოსახლეობის გაფრთხილება და ევაკუაცია. მყარი მტკიცების საფუძველი გვაქვს, რომ ასეთი შედეგი არ იქნებოდა, მსხვერპლს ვგულისხმობ“, – აცხადებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე „მთის ამბებთან“ ინტერვიუში. რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ნაპოვნია 18 ცხედარი, ამდენივე დაკარგულად მიიჩნევა.
„მწვანე ალტერნატივა“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან 4 თვეა ითხოვს დოკუმენტს, რომელშიც 2022 წლის გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2023 წლის პროგნოზია აღწერილი. სააგენტოს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილია, კანონი ავალდებულებს, ეს დოკუმენტი თვითონ გამოაქვეყნოს, რათა ყველამ ვიცოდეთ, სად რა საფრთხეებია. სახელმწიფო მას საგანგებოდ მალავს, შესაბამისად, არ ვიცით, რა წერია საფრთხეების შეფასების ბოლო დოკუმენტში შოვის შესახებ, თუმცა „მწვანე ალტერნატივას“ შესწავლილი აქვს წინა წლების გეოლოგიური ბიულეტენები – შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება.
გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაშია მოქცეული სოფელი გლოლაც, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის, დღვიორას ხეობაში განვითარებული ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
კურორტ შოვისთვის გეოლოგიური საშიშროების რისკის მაღალი კატეგორია არ მიუნიჭებიათ მხოლოდ 2021 წელს, მდინარე დღვიორას მიერ შექმნილი პრობლემების გამო. ჯერ კიდევ 2014 წლის გეოლოგიურ ბიულეტენში, სადაც კურორტი შოვი ასევე მაღალი რისკის ზონად არის განსაზღვრული, დღვიორასთან ერთად საფრთხედ დასახელებულია ჭანჭახის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადიც.
მდინარე ბუბასთან დაკავშირებულ სტიქიურ მოვლენებს ადასტურებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე, 2017 წლის 7 ივლისს გამოქვეყნებული ვიდეომასალაც.
„პრობლემა არსებობდა სულ მცირე 9 წელია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს შესწავლილი წინა წლების ბიულეტენები. 9 წელი იყო წინ იმისათვის, რომ მთლიანად მდინარის აუზში დაგეგმილიყო აქტიური მონიტორინგის ღონისძიებები, დანერგილიყო წინასწარი შეტყობინების სისტემები, შექმნილიყო შესაბამისი რეაგირების გეგმები, რადგან ვიცით, რომ კურორტი შოვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და ამ წერტილში ბევრი ადამიანი შეიძლება ერთდროულად აღმოჩნდეს.
განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მონიტორინგის სისტემა არ იყო გამართული, არ გვქონდა შესაბამისი რეაგირების გეგმა და მოსახლეობისთვის არაფერი იყო წინსწრებით ცნობილი. არამხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის, რომელთა ვალდებულებაა მსგავს საკითხებზე რეაგირება“, – აღნიშნავს ნინო გუჯარაიძე.
მისივე თქმით, „მწვანე ალტერნატივა“ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. „საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი ჩვენი უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაზე. ამიტომ, არავინ სხვა ამაზე პასუხისმგებელი არ არის“, – ამბობს გუჯარაიძე.










