Sea Breeze არის ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლება, რომელიც ტარდება უკრაინულ-ამერიკული “ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის” გათვალისწინებით. მემორანდუმს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებმა 1993 წელს მოაწერეს ხელი.
პირველი მანევრები 1997 წელს ჩატარდა. შეთანხმების თანახმად, უკრაინა უზრუნველყოფს შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ხოლო შეერთებული შტატები წვრთნებს ფინანსურად მხარდაჭერას უწევს. როგორც წესი, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ ნატო-ს წევრი ქვეყნები და პარტნიორები, უპირველესად შავი ზღვის რეგიონიდან.
წვრთნები იმართება ზღვასა და ხმელეთზე. რუსეთი არ მონაწილეობს სწავლებაში.
სად ჩატარდება სწავლება და რამდენ ხანს გაგრძელდება ის?
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, წვრთნები მოიცავს სამხრეთ უკრაინის მნიშვნელოვან რეგიონს: ოდესა, ოჩაკოვი, დნესტროვსკის ლიმანი, კინბურნსკი, ზმეინის და პერვომაისკის კუნძულები, მდინარე დუნაის დელტა. გეგმის მიხედვით, Sea Breeze-2021 გაგრძელდება 26 დღე – 28 ივნისიდან 23 ივლისამდე.
ვინ მონაწილეობს წვრთნებში?
შეერთებული შტატების მე-6 ფლოტმა ოფიციალურად დაადასტურა სამხედო წვრთნებში მონაწილეობა. ამასთან, სწავლებაში 32 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არის საქართველო ავსტრალია, ბულგარეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ისრაელი, კანადა, ლატვია, ნიდერლანდები, რუმინეთი, თურქეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.