“კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა.
დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის.
ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება.
მინდა, ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებაში გავაცნო ჩემი შეხედულება.
პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი.
ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.