“ეს ჩემი მეგობარია, თორნიკე, რომელიც 2 წლის წინ გავიცანი. დღეს განუყრელი მეგობრები ვართ. ერთად ვსწავლობთ დოქტორანტურაზე, ის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს თემაზე, მე ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე.
ბევრს ვკამათობთ საქმიანად, ბევრ საკითხში ვეთანხმებით ერთმანეთს. ბოლო თემა, რაზეც ვიკამათეთ, უკრაინაში საბრძოლველად წასვლა იყო, განა არ მინდოდა, განა არ ვემხრობოდი, მაგრამ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მეუღლე, დედა და ამასთანავე ბევრი პასუხისგებლობა, ხოდა ყველას გაგვეპარა, გაგვეპარა და გულის სიღრმეში რასაც ვფიქრობდი, რომ მართალი გადაწყვეტილება ჰქონდა, ის გააკეთა – წინა ხაზზეა მის გულმხურვალე მეგობრებთან ერთად, დგანან და იცავენ ყველას წილ თავისუფლებას.
ომი რომ მორჩება, მერე კიდევ ბევრს დავწერ, თუ როგორ იარა ტყე-ტყე, რომ ბატალიონამდე მისულიყო, როგორ იწვალა, რომ ყველას – ჩემი, თქვენი და ყველას გასაკეთებელი გაეკეთებინა. ამაყი ვარ, რომ ჩემი მეგობარია, ჩემი წილი გასაკეთებელიც მან იტვირთა და გააკეთა. იბრძვის მთელი გულით ბავშვებსა და ქალებთან „ძლიერ“ ოკუპანტებთან, ისვრის გულით და მიზანშიც ახვედრებს.
მადლობა ჩემო მეგობარო რომ არსებობ, მადლობა, რომ შენს მეგობრებთან ერთად იცავ იმ თავისუფლებას, რომელიც ჯერ არ ვიცით კიდევ რა დაგვიჯდება. გელოდებით გამარჯვებით და გელოდებით, რომ შენგან ვისწავლოთ სხვებმა გამბედაობა.
ჩემი მეგობრისნაირების მომავლის იმედით ვარ თავდაჯერებული, რომ საქართველოც, უკრაინაც გაიმარჯვებს ვერაგ ძალაზე და ოდესმე ჩვენს შვილებს მაინც ექნებათ მართალი, გულწრფელი და ნათელი მომავალი. გაუმარჯოს უკრაინას!”-წერს რაულ ქირია