საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 41% მიიჩნევს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი“ ბარიერი მშობლობისთვის ფინანსებია, – ამის შესახებ ირკვევა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ უახლესი კვლევიდან.
გარდა ფინანსური პრობლემებისა, გამოკითხულთა 39% მთავარ ბარიერად ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 37% შესაფერისი პარტნიორის არარსებობას ასახელებს.
კვლევაში მონაწილეთა 38% მშობლობისთვის მთავარ ბარიერად საკუთარი საცხოვრისის არარსებობას ასახელებს, 30%-სთვის კი ბარიერია ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის შიშები.
- პარტნიორის არასაკმარისი ჩართულობა საოჯახო საქმეებსა და ბავშვზე ზრუნვაში – 27%
- რეგიონში/მსოფლიოში არასტაბილურობა – 23%
- პარტნიორის სურვილი, რომ შვილები არ ჰყავდეს – 21%
- უკვე მიღწეულია სასურველი შვილების რაოდენობა – 21%
- მშობლობის მიმართ ძალიან მაღალი მოლოდინები – 19%
- სხვა ადამიანებზე/მშობლებზე ზრუნვის დიდი პასუხისმგებლობა – 19%
- კლიმატის ცვლილება/გარემოსდაცვითი პრობლემები – 15%
კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების 77% მიიჩნევს, რომ მშობლობისთვის „ძალიან მნიშვნელოვანი“ წინაპირობა ფინანსური უსაფრთხოებაა, 68%-სთვის ეს მეუღლის ყოლა, ხოლო 74%-სთვის ფსიქოლოგიური მზადყოფნაა.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ მშობლობისთვის „ძალიან მნიშვნელოვანია“ საკუთარი საცხოვრებლის ფლობა, 73%-სთვის – სტაბილური დასაქმება, 60%-სთვის – განათლების დასრულება, 58%-სთვის – კარიერაში დამკვიდრება, ხოლო 34%-სთვის – სასურველი ადგილების მონახულება.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა 2025 წელს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანასა და ტერიტორიაზე: აზერბაიჯანში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სერბეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და კოსოვოში (გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუცია), ინტერნეტზე წვდომის მქონე 18–39 წლის ასაკის 13 500-ზე მეტი რესპონდენტის მონაწილეობით.










