ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს – “ქართული ოცნების” მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს “სასაცილო და ტრაგიკული” უწოდა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი “დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე”:
ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სასაცილო და ტრაგიკული, უფრო მეტ სიღრმეში არ შევალ მარტივი, ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას – პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ეს მაკავებს იმისგან, რომ რამე ღრმა კომენტარი გავაკეთო ამ წერილებთან დაკავშირებით. მეორე, იმდენად არასერიოზულია თავად ამ წერილების შინაარსი, რომ ესეც არ მაძლევს სერიოზულად რამე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას“, – აცხადებს კობახიძე.
კითხვას, ვინ დგას „ცრუ კამპანიის“ უკან, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს „დამალული არც არის“.
„ფაქტია, ვინც ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, ასეთ სიყალბეს, ის დგას უკან, ეს არც არის დამალული, მარტივად არის გამჟღავნებული, არიან ძალები, რომელთაც მაინც და მაინც კარგი რეპუტაცია არ აქვთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე, ეს ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა“, – აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება პროკურატურაში მის შესაძლო გამოკითხვის ფაქტს, კობახიძე ამბობს, რომ გამსაკითხ სიაში ის არ არის.
ამასთან, კობახიძე უარყოფს „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გავრცელებულ ინფორმაციას.
- ჯორბენაძის მტკიცებით, კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.
„არავითარი ცვლილება არ განხორციელებულა, შესაბამისად, არავითარ შეთანხმებას არ მოწერია ხელი გასული წლების განმავლობაში დემარკაცია დელიმიტაციის კუთხით, დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია, რაც ძალიან მარტივად გამომჟღავნდა“, – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.










