ჯანდაცვის მინისტრი ისრაელიდან ჩამოსულ სამედიცინო მკვლევარებს შეხვდა. თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და COVID-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელთან საუბარი სამომავლო თანამშრომლობასა და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით იყო.
ითქვა, რომ ახალი მედიკამენტი ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და ის ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.
“კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით გვსურს, რომ საქართველო როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა ისრაელის პარტნიორი იყოს. თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება. Covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი, ბევრ ადამიანს დაეხმარება,”- განაცხადა თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა ნადირ არბერმა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ისრაელში შექმნილი მედიკამენტი პერსპექტიული პრეპარატია, რადგან ის კოვიდის მეორე, უფრო რთული ე.წ იმუნური ფაზის სამკურნალოდ გამოიყენება, მისი მოხმარება კი საინჰალაციო ფორმით ხდება.
“ისრაელი არის ლიდერი ქვეყანა კოვიდთან ბრძოლაში. კონკრეტულად საქმე ეხებოდა ახალ მედიკამენტს რომელიც შეიქმნა ისრაელში. წინასწარი მონაცემებით, ეს არის ძალიან პერსპექტიული მედიკამენტი, გამოიყენება საინჰალაციო ფორმით, არ საჭიროებს ინტრავენურ ინექციებს და ამიტომ მისი გამოყენება იოლია და გამოიყენება კოვიდის მეორე, ყველაზე უფრო რთული ე.წ იმუნური ფაზის სამკურნალოდ,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.