ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისს კიდევ ერთი ძვირადღირებული ქონება გაუყიდა – ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.
ქალაქის ცენტრში, “გუბერნსკის ციხის” ყოფილი შენობა აუქციონზე გასხვისდა. ქონება ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ შეიძინა. კოსტავამ 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი გადაიხადა. ქუთაისის ბიუჯეტმა კი აქედან თანხის მხოლოდ 35% მიიღო. დანარჩენი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.ბიზნესმენი ტერიტორიაზე სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
“კონცეფცია შემიძლია გითხრათ, რომ იქნება საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი. ასევე, კომერციული გამოყენებისაც. ანუ, მრავალპროფილური დანიშნულების იქნება. რაც შეეხება კონკრეტიკას, როდის დავანგრევთ, როდის დავაპროექტებთ, რამდენი სართული იქნება, რამდენ ნომრიანი და ასე შემდეგ, ჯერ არ ვიცი. ტერიტორია უნდა გასუფთავდეს, უნდა გაკეთდეს გეგმა, არის ბევრი სამუშაო. შემოდგომაზე, ალბათ, უკვე მექნება ესკიზი”, – ამბობს დავით კოსტავა.
დავით კოსტავა ქუთაისში ექვსი კომპანიის მფლობელია. მის სახელს უკავშირდება სამშენებლო კომპანია “იბერიის ვარსკვლავი”, სადაც 75.5%-იან წილს ფლობს. 100%-იანი წილი აქვს სავაჭრო ცენტრ “ქუთმოლში”. მასვე ეკუთვნის ქუთაისი-თბილისი -ბათუმის სამარშრუტო ხაზი, ასევე, ორი სატრანსპორტო კომპანია: შპს “ნიულაინი” და შპს “იმერ-ტრანსი”, რომლებიც ქუთაისის შიდა სატრანსპორტო ხაზებზე მუშაობენ. დავით კოსტავა ქალაქის ცენტრში სასტუმროსაც აშენებს.
ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე “გუბერნსკის ციხის” სახელით ცნობილი დაწესებულება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ციხის შენობა გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. ქონების საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. საბოლოოდ “გუბერსკის ციხე” 1 750 000 ლარად გაიყიდა.
kutaisipost.ge