იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ქალაქ ქუთაისში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ქუთაისში მდებარე უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან გაიმართა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის – 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე, 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებიან.