როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ჰაბის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ჰაბის პრეზენტაციას, საქართველოს მთავრობა ღონისძიების ჩატარებას 11 ოქტომბერს გეგმავს.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 496 272 ლარს შეადგენს.
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი წარმოადგენს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტარტაპებისა და ბიზნესების განვითარების პლატფორმას, გააერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს, რომლებსაც, ჰაბის ინფრასტრუქტურისა და სერვისების გამოყენებით შესაძლებლობა ექნებათ განავითარონ ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გლობალურად კონკურენტუნარიანი პროდუქტები,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში წარმოდგენილი იქნება ინოვაციების ეკოსისტემის ხელშემწყობი სივრცეები, როგორიცაა: ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ მეცნიერების, ფიზიკის, მათემატიკისა და ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპები საინტერესო და მარტივად აღქმადი გზით.
„ასევე წარმოდგენილი იქნება ხელოვნური ინტელექტის განვითარების მძლავრი მონაცემთა ცენტრი, საერთაშორისო IT სკოლა, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, სამრეწველო ინოვაციების და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორია, საკონფერენციო და საერთო სამუშაო სივრცეები, შეხვედრებისა და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT კომპანიებისთვის და ასევე საერთაშორისო IT კომპანიების ოფისები,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.










