ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის შეფასების პროცესი დასრულდა და ჟიურის გადაწყვეტილებით, ორი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთა იდეები ქალაქის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გამოწვევების გადაჭრისკენა მიმართული.
ღია კონკურსი, ჩატარდა ურბანული გამოწვევების ინიციატივის (City Challenge) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საკონსულტაციო კომპანია PMCG.
ქუთაისში, ჟიურიმ გამოავლინა ორი გამარჯვებული გუნდი:
ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და ცნობიერების ამაღლება: გამარჯვებულ გუნდს ექნება შესაძლებლობა შეისყიდოს ჰაერის დაბინძურების კვლევისათვის საჭირო მოწყობილობა. ასევე, განახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მწვანე რეკრეაციული სივრცე: პროექტის ფარგლებში, კოლეჯ იბერიას ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული სკვერი, რომელიც იქნება აღჭურვილი მზის პანელებით, ენერგიის გამომამუშავებელი ველოსიპედით, მწვანე კედლით და ნარჩენების სეპარაციის ინფრასტრუქტურით. ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ქცევის პოპულარიზაციას.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის იდეის თანა-ავტორის, მარიკა ვაჭარაძის თქმით, “პროექტის მიზანია ქუთაისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მექანიზმის შექმნა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, თუ როგორ უკავშირდება ჰაერის ხარისხი ქალაქის დაგეგმარებას, ტრანსპორტს, მწვანე სივრცეებს და ენერგოეფექტურობას. პროექტი ხაზს უსვამს ქუთაისის შესაძლებლობას გახდეს „სუფთა სუნთქვის ქალაქი“, სადაც განვითარება და ეკოლოგია თანაბრად მნიშვნელოვანია.”
ინიციატივა ხორციელდება ხუთ პარტნიორ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ხობსა და თელავში. გამარჯვებული გუნდები, მიიღებენ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას და მომავალი 8–12 კვირის განმავლობაში, იმუშავებენ მენტორებთან ერთად, რათა თავიანთი იდეები რეალურ პროექტებად გარდაქმნან. თითოეული მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია $17 000.00 ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს როგორც ადამიანურ, ისე ტექნიკური რესურსების შესყიდვას.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და დანიის მთავრობის მიერ. City Challenge წარმოადგენს ურბანული გამოწვევების ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჭკვიანი, მდგრადი ურბანული გარემოს განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. ინიციატივას ერთობლიად ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საკონსულტაციო კომპანია – PMCG, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში.










