2 მაისს ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ორმაისობა აღინიშნება. კორონავირუსის პანდემიიშ გამო ქალაქის დღესასწაული მოკრძალებულად, რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება და წელს კვირეულის სახით ჩაივლის.
სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატი ტაძარში საზეიმო წირვითა და დალოცვით დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ნახატებს ქმნიან, აქვე წარმოდგენილია ქუთაისის ძველი ფოტოები.
„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.










